Friday, July 20, 2012

პატარა ხრიკები.. ♥ ახალი რუბრიკა

 დღეიდან ჩემს ბლოგზე ახალ რუბრიკას შემოგთავაზებთ. გაგიზიარებთ ჩემს საყვარელ ხრიკებს მაკიაჟთან და თავის მოვლასთან დაკავშირებით. "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს", მაგრამ ჩემი რჩევებით შევეცდები ეს "მსხვერპლი" რაც შეიძლება პატარა იყოს.. :)  მაშ ასე:

 ხრიკი #1: ზაფხულის განმავლობაში თქვენი თმა ზიანდება მზის მავნე გამოსხივებით, ასე რომ წაისვით ცოტაოდენი თმის აღმდგენი, მკვებავი ან დამატენიანებელი ნიღაბი, როდესაც მზეზე მოგიწევთ ყოფნა, იქნება ეს აუზი თუ ზღვის სანაპირო.

 ხრიკი #2: ეცადეთ, რომ ტანისა და სახის კანის დამატენიანებელი საშუალებები შხაპის მიღების შემდეგ მაშინვე წაისვათ. ამ დროს თქვენი კანი ძალიან რბილია და ბუნებრივად დატენიანებული, რაც ხელს უწყობს ლოსიონების, კრემების და ა.შ კანში იოლად შეწოვას. დამიჯერეთ, განსხვავება საგრძნობი იქნება.

 ხრიკი #3: თუკი ტუჩები გამოგიშრათ, მკვდარი კანის მოცილებას ბუნებრივი სკრაბით გირჩევთ. ერთმანეთს შეურიეთ თანაბარი რაოდენობის შაქარი, თაფლი და ზეითუნის ზეთი ან ვაზელინი. მიღებული მასით დაიზილეთ ტუჩები, დაიტოვეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა თქვენს ტუჩებს დაარბილებს და სისხლის მიმოქცევასაც შეუწყობს ხელს, რაც ტუჩების ფერზე დადებითად აისახება.

 ხრიკი #4: დაამზადეთ პიტნის ნაყენი, ჩაასხით ის ბოთლში, რომელიც სპრეის ფუნქციას შეასრულებს და შეისხურეთ სახეზე. ეს ნაყენი თქვენს კანს დაატენიანებს. ბონუსი: 1) ბუნებრივია და არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს; 2) იაფი და მარტივი დასამზადებელია.

 ხრიკი #5: ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი ჩემი წარბების ფორმით, რომელსაც პროფესიონალის კორექცია თითქმის არ შველოდა. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ წარბების ლამაზ ფორმაში დიდ როლს თამაშობს მათი დავარცხნაც. თვალები სულის სარკეა, წარბები კი მათი ჩარჩო, რომლებსაც ასევე დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. კოსმეტიკური ჩარევის გარდა (თვალის ფანქრით კორექცია), დაივარცხნეთ წარბები, როდესაც მაკიაჟს გაიკეთებთ და სახლიდან გასვლას დააპირებთ. თუკი სპეციალური ჯაგრისი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩემსავით პატარა დაძველებული ტუშის ჯაგრისი გარეცხოთ და ის გამოიყენოთ.

 იმედია, დაგეხმარეთ და ბევრი თქვენგანი გაითვალისწინებს ამ რჩევებს.. :) დროებით.. ♥

ELLE Magazine

No comments:

Post a Comment