Sunday, July 22, 2012

ვფიქრობ, რომ ესეც კარგია ♥

 დილით ლოგინიდან წამომხტარი სწრაფად მოვემზადები, ვისაუზმებ, ან ვერ მოვასწრებ და სწრაფად გავეშურები უნივერსიტეტისკენ, რომელშიც მაინც ვერასოდეს დავაგვიანებ. გზაში დამაინტერესებს, რაზე დარდობენ ან არ დარდობენ ეს ადამიანები, საით მიეჩქარებათ და იმასაც მივხვდები, რომ ისინი, ჩემთვის სრულიად უცხოები, სხვებისთვის კარგად ნაცნობი და უახლოესი ადამიანები არიან და მივხვდები, რომ ეს ძალიან კარგია...
 მეორე სამარშუტო ტაქსიში ასულს, მძღოლი ერთ ცალ კანფეტს მომაწვდის, მე გამეღიმება და ვიფიქრებ, რომ ესეც კარგია... შემდეგ სხვა მგზავრებსთანაც იგივე განმეორდება, ერთთან, მეორესთან მესამესთან და მე ვხვდები, რომ ეს უფრო კარგია... ცნობისმოყვარე მგზავრის შეკითხვას მძღოლი ასეთ პასუხს გასცემს:" ხალხი დილიდანვე დაღვრემილი ამოდიოდა "მარშუტკაში", ხო და ერთხელაც გადავწყვიტე კანფეტები მეყიდა და ყველასთვის დამერიგებინა, მოულოდნელობისგან ხალხს ეღიმება და მეც კარგ ხასიათზე ვდგები. სახლი მე არ მაქვს და კარი, ფულს კანფეტებში მაინც დავხარჯავო." მე სევდიანად მეღიმება, მაგრამ ვხვდები, რომ ასეთი ადამიანების არსებობა ძალიან კარგია...
 ...იყო მასწავლებელი, რომელმაც უფრო მეტი მასწავლა ვიდრე სასკოლო საგანი. რომელმაც 12 წლიანი ცოლქმრობის გამოცდილების შემდეგ მითხრა: მე დღემდე შემიძლია საკუთარ ქმართან ხელჩაკიდებულმა ქუჩაში ვიარო, დღემდე შემიძლია მთელი დღე მასთან ერთად ოთახში ვიყო ჩაკეტილი და გაუჩერებლად ვესაუბროო. და მე მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა...
 მივალ უნივერსიტეტში, რომელში მოხვედრაც ჩემი უდიდესი სურვილი იყო, გამახსენდება აბიტურიენტობა, ამაყად გავივლი დერეფნებში და ვიცი, რომ ყველაფერი კარგადაა...
 საღამო ხანს, როცა საყვარელ ადამიანს ხელს ჩავკიდებ, მის თვალებს და ღიმილს დავინახავ, მაშინაც ვიცი, რომ ყველაფერი კარგადაა... და როცა ერთად გავიცინებთ, მაშინ კი ვხვდები, რომ ეს უკვე კარგზე მეტია...
 როცა რაიმე პრობლემით დაღლილი მეგობარს დავურეკავ და მისი ხმის გაგონებაც კი მეხმარება, ესეც კარგია...
 როცა გგონია, რომ ყველაფერი მთავრდება და მერე ისევ ახლიდან იწყება, ესეც კარგია...
 როცა ძილის წინ მძინარე ძმას შუბლზე აკოცებ და დედას მეორე ოთახში გასძახებ ძილინებისაო, ესეც კარგია...
 როცა ძილის წინ მუზა მოგაწვება და დასაწერად წამოგაგდებს ესეც ხომ ძალიან კარგია...
 როცა იცი, რომ გრძნობ ანუ არსებობ, ეს ხომ ძალიან, ძალიან კარგია...


No comments:

Post a Comment