Thursday, May 9, 2013

დაკარგული შთაგონებები

“If you don't have time to read, you don't have the time to write. Simple as that.” 
― Stephen King

 ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა შთაგონებები, ისე რომ არც კი გვაფრთხილებენ,  გაურკვეველი დროით გვტოვებენ. ჩვენ კი არ ვიცით, როდის და როგორ დაბრუნდებიან. ან დაბრუნდებიან კი საერთოდ?
 მე შთაგონებას საყვარელ ადამიანებში ვეძებ, იმ ემოციებში, რომლებსაც ისინი ჩემში იწვევენ.
 დიდი ხანია არაფერი, უფრო სწორად ვერაფერი, დამიწერია. თითქოს გარშემო ყველაფერი რიგზე იყო და ხელი არც არაფერს უნდა შეეშალა. ისიც კი გავიგე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მკითხულობენ და რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ის, რასაც ვაკეთებ. ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რომ წერის გაგრძელებას აზრი ჰქონდა, თუმცა მაინც ვერაფერი გავაწყვე.
 დღეს პირველად მოვახერხე საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და წაკითხვა. ამ დღემ ერთი მნიშვნელოვანი რამ დამანახა: შეუძლებელია წერო მაშინ, როცა არ კითხულობ და მივხვდი, რომ ზედმეტად დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. სასწავლო წელმა ეგოისტურად მიმითვისა და სხვა აღარაფრისთვის დამიტოვა დრო. ამიტომაცაა ნანატრი არდადეგების დროს ყველაზე მეტს რომ ვწერ ხოლმე, მაშინ ხომ ყველაზე მეტსაც ვკითხულობ. კითხვისას კი იმდენად ძვირფასი ხდება თითეული წაკითხული ავტორი ჩემთვის, რომ მინდა რაღაცით მივბაძო, ცოტათი მაინც გავხდე იმ დიდი ენერგიის წყარო, რომელსაც მკითხველისთვის ემოციის შექმნა ჰქვია. მეც ვდგები და წერას ვიწყებ, ვიწყებ იმ იმედით, რომ შემიძლია ვიღაცის ცხოვრება თუნდაც ცოტა ხნით შევცვალო. რამდენიმე წუთით მაინც შევიჭრა მის გულში და ვაგრძნობინო, რომ  ის მარტო არ არის.
 ხო და დღეს საკუთარ თავთან და არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანების პოსტებთან დარჩენილმა მეც გულისფანცქალით შემოვიჭყიტე ჩემს დამტვერილ ბლოგზე და სული შევუბერე.
 რაღაც ხომ მაინც გამოვიდა.
 მე კიდევ დავწერ...





Thursday, February 21, 2013

გაგაზაფხულება ♥


  ზამთარი ჩემთვის ასე მალე ჯერ არასდროს გასულა. სულ რაღაც 10 დღე დარჩა გაგაზაფხულებამდე და ჩემი საყვარელი სეზონის დადგომამდე.
 ზოგადად ყველაფერი გარდამავალი მიყვარს. გაზაფხულიც ჩემთვის ზამთარსა და ზაფხულს შორის გადებული ხიდია. ეს არის დრო, როცა ყოველი დღე უფრო და უფრო უკეთესია და შენც უფრო და უფრო აღფრთოვანებული ელოდები ზაფხულის ცხელი დღეების დადგომას. სწორედ ეს ამაღელვებელი მოლოდინი და პროგრესის გრძნობა ხდის გაზაფხულს გაზაფხულად.
 მიყვარს გაზაფხულის ხმაურიანი წვიმა, ჭექა და ქუხილი... და ის სუნი, წვიმის შემდეგ მიწას რომ ასდის, ჟრუანტელს რომ იწვევს და სიამოვნებისგან ცრემლებს გადენს.
 გაზაფხული ჩემთვის ყოველთვის საინტერესო სიახლეების დრო იყო, ამიტომაც ამ პოსტით მინდა გაგაზაფხულება მოგილოცოთ და ყველა იმ დიდი გადატრიალებისა, თუ მცირე ცვლილებების შესახებ შეგახსენოთ, რომელიც დიდი ხანია დაგეგმილი გაქვთ. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ზამთრის დეპრესიით თავს ვეღარ გავიმართლებთ, ასე რომ ახალი ნაბიჯების და ჩაფიქრებული სურვილების ასრულების დროა! :)

Thursday, January 31, 2013

სექსი და ქალაქი

 მე ამ ქვეყანას იმ დროს მოვევლინე აი, შუქი რომ არ იყო და ხალხი პურის რიგებში რომ იდგა. 1993 წლიდან მოყოლებული 2000 წლამდე ჩემი ბავშვობა სიბნელესთან ასოცირდება. 2000 წელს, ახალი ათასწლეულის დაწყება უამრავი მაშხალით აღვნიშნეთ, მაშინ ცოტა ხნით განათდა და მერე ისევ დაბნელდა.
 ჩემი ბავშვობიდან კიდევ ის მახსენდება, ნანატრი შუქი ძლივს რომ მოვიდოდა, ტელევიზორს მივუსხდებოდით და ფილმს ვუყურებდით ხოლმე. ისიც მახსოვს "კოცნაობების" და "უზრდელობების" დროს მშობლები თვალებზე ხელს რომ მაფარებინებდნენ . ერთი-ორჯერ სულმა წამძლია და თითებს შორის გამოვიჭყიტე. მერე კარგა ხანს ვნანობდი ჩემს დანაშაულს.

 ერთ-ერთი ასეთი "უზრდელური" სერიალი რუსთავი 2-მა გაუშვა ეთერში და მას "სექსი დიდ ქალაქში" ერქვა. ამ სერიალის რეკლამებს თან ერთვოდა ჩემი მშობლების ხმა: "თათია, ამას არ უყურო!" და თუ ტელევიზორთან ახლოს იყვნენ, მაშინვე სხვა არხზე გადართავდნენ ხოლმე. ახლა ამ სერიალის სათაურის თარგმანზეც კი მეცინება. ორიგინალში მას "სექსი და ქალაქი" ჰქვია, ანუ სექსთან ერთად აქ ბევრ სხვა რამეზეცაა საუბარი. ქართულში კი რუსულის გამოისობით "სექსი დიდ ქალაქში" დაარქვეს. აქაოდა სადაც სექსია, იქ გარყვნილების გარდა სხვა რამე როგორ იქნებაო.

 19 წლამდე ჩემთვის 2 ტაბუდადებული ფილმი არსებობდა. პირველი, ზემოთაღნიშნული "სექსი და ქალაქი" და მეორე, "ამერიკული ნამცხვარი". არც კი მეგონა, რომ კაცობრიობას ამათზე გარყვნილი რამე ექნებოდა შექმნილი. თუმცა ახლა, როცა ორივე მათგანი ნანახი მაქვს, პირველი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიალია, მეორე კი ჩემი ასევე ერთ-ერთი საყვარელი კომედია.

 არ მოვყვები იმის ჩამოთვლას, რამდენ ნომინაციაში იყო წარდგენილი "სექსი და ქალაქი" და ემისა და ოქროს გლობუსის რომელი ჯილდოები აქვს მოპოვებული, უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ სერიალმა ქალების ცნობიერებაში უდიდესი გარდატეხები მოახდინა. მასში იუმორთან ერთად ბევრ სხვა საინტერესო თემაზეცაა საუბარი. ეს შეიძლება იყოს მეგობრობა, ქორწინება, სხვადასხვა ურთიერთობები ან ნებისმიერი რამ, რაზეც ქალს თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც უფიქრია.
 პირველად მაშინ დავასკვენი, რომ ეს სერიალი "უზრდელური კომედია" არ იყო, როცა მათ აბორტის თემას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. ასეთი ემოციური სერიები შემდგომში არცერთ თემაზე აღარ განმეორებულა.
 ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ ამ ოცდაათ წელს გადაცილებულ ოთხი ქალის ხასიათში ჩატეულია ქალის ყველანაირი თვისება და მაყურებელი მათში თავისი თავის და პრობლემების ამოცნობასაც ახერხებს, რაც კიდევ უფრო აახლოებს ამ ფილმის გმირებთან. თუკი ვინმეს უნდა გაიგოს, თუ რა სურთ ქალებს, ვურჩევდი მელ გიფსონის და ჰელენ ჰანტის ტანდემის ნაცვლად ამ სერიალს უყურონ და იქნებ მიხვდნენ, რომ გარკვეული დოზით ყველა ქალშია კერის კრეატიულობა, მირანდას სიძლიერე, სამანტას თავისუფლება და შარლოტას ემოციურობა. ამ დოზების ამოცნობა კი თქვენთვის მომინდია.


Thursday, October 4, 2012

პოსტი სამარშრუტო ტაქსიდან

 რა ხდება მაშინ, როცა გულში სიცარიელის ადგილს სევდა იკავებს?.. მე ამ დროს ტკივილნარევი ცრემლების მჯერა და მჯერა ტკივილის შემდეგ ბედნიერებანარევი ღიმილის გარდაუვალობაც. იმისიც მჯერა, რომ როცა სევდა შენი გულიდან სადღაც გინდა წაიღო, ეს "სადღაც" შეიძლება ჩანთაში შენდა ბედად აღმოჩენილი ფურცლები აღმოჩნდეს და როცა გინდა დაწერო, ეს "როცა" შეიძლება მთელი დღის ნასტუდენტარს მოჯაყჯაყე სამარშრუტო ტაქსიში დაგიდგეს..
 მჯერა იმის, რომ ერთ ღიმილს მთელი სამყაროს შეცვლა თუ არა, ერთი ადამიანის ხასიათის შეცვლა მაინც შეუძლია..
 იმისიც მჯერა, რომ გინდოდეს წერა სასწაულია, ის სასწაული, რომელიც ყველაზე ხშირად სწორედ მაშინ დგება, როცა ყველაზე ნაკლებად ელი.. მჯერა კიდევ იმის, რომ ამ სასწაულს შენი გადარჩენაც შეუძლია, შენი გაძლიერებაც და იმის უნარიც აქვს საკუთარი თავი თუნდაც სულ ცოტა ხნით, რამდენიმე წამით მაინც შეგაყვაროს.. შეუძლია ჰარმონია შექმნას შენს უხილავ ფიქრებსა და იმ ქაღალდს შორის, რომელზეც შავით თეთრზე ამჩნევია შენი გრძნობები, შენი "მე'..
 და ბოლოს მიხვდები, რომ ყველაფერი ეს სხვისთვის კი არა, ისევ საკუთარი თავისთვის იწერება..



Saturday, August 4, 2012

ნორმალურები, არანორმალურები და სხვები..

 ჩემთვის არსებობენ ადამიანები - ნორმალურები, ადამიანები - არანორმალურები და სხვები..



 ნორმალური ადამიანები ჭამენ დესერტს ვახშმის შემდეგ, არანორმალურები - ვახშმამდე..
 ნორმალურ ადამიანებს აქვთ სამსახური კარგი ხელფასით, არანორმალურებს კი - ხელფასი კარგი სამსახურით..
 ნორმალურ ადამიანებს ჰყავთ ცოლი ან ქმარი, არანორმალურებს კი ჰყავთ მეორე ნახევარი..
 ნორმალურ ადამიანებს აქვთ კარგი ცხოვრება, არანორმალურებს - საინტერესო ცხოვრება..
 ნორმალური ადამიანები აკეთებენ იმას, რაც საჭიროა, არანორმალურები - იმას რაც უნდათ..
 ნორმალური ადამიანები ცოცხლობენ, არანორმალურები კი - ცხოვრობენ..
 ნორმალური ადამიანები ყველა შესაძლებლობაში სირთულეს ხედავენ, არანორმალურები - ყველა სირთულეში შესაძლებლობას..
 ნორმალური ადამიანები ოცნებობენ, არანორმალურები კი ოცნებებს იხდენენ..
 ნორმალური ადამიანები არიან კმაყოფილები, არანორმალურები კი - ბედნიერები..

Thursday, July 26, 2012

უსახელო პოსტი

 "Happiness Lies In The Joy Of Achievement and the thrill of creative effort." - Franklin D. Roosevelt


 
  ...კონფუცი ამბობდა, რომ ბედნიერება ის მდგომარეობაა, როდესაც შენი ფიქრები, სიტყვები და საქციელი ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაშია...


 ბედნიერება - ეს ნიშნავს შექმნა იდილია საკუთარ თავთან.
 ბედნიერება - ეს არის გაგაჩნდეს მცირე... და მცირე იყოს უდიდესი...
 ბედნიერება - ეს არის ახელდე თვალებს ყოველ დილით და იცოდე, რომ შენი არსებობა საჭიროა...
 ბედნიერება - ეს არის როცა, გინდა, ცდილობ და აღწევ...
 ბედნიერება - ეს არის გამარჯვება საკუთარ შიშზე...
 ბედნიერება - ეს არის იცოდე, პრობლემის არამარტო მიზეზი, არამედ გადაჭრის გზაც...
 ბედნიერება - ეს არის დახუჭო თვალები და უბრალოდ შეძლო...
 ბედნიერება - ეს არის წვრილმანებით დაუმტკიცო საკუთარ თავს სიძლიერე...
 ბედნიერება - ეს არის გიყვარდეს, უყვარდე და აფასებდე...
 ბედნიერება - ეს არის ტკბილი მოგონება და უკეთესის იმედი...
 ბედნიერება - ეს არის გინდოდეს მეტი, მაგრამ კმაყოფილი იყო მიღწეულით...
 ბედნიერება - ეს არის მზე... და მთვარე... და ცა...
 ბედნიერება - ეს არის "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"...

 ბედნიერება - ეს არის საკუთარ თავთან ჭიდილი...
 ბედნიერება - ეს არის საკუთარ თავთან გამარჯვება...



Sunday, July 22, 2012

ვფიქრობ, რომ ესეც კარგია ♥

 დილით ლოგინიდან წამომხტარი სწრაფად მოვემზადები, ვისაუზმებ, ან ვერ მოვასწრებ და სწრაფად გავეშურები უნივერსიტეტისკენ, რომელშიც მაინც ვერასოდეს დავაგვიანებ. გზაში დამაინტერესებს, რაზე დარდობენ ან არ დარდობენ ეს ადამიანები, საით მიეჩქარებათ და იმასაც მივხვდები, რომ ისინი, ჩემთვის სრულიად უცხოები, სხვებისთვის კარგად ნაცნობი და უახლოესი ადამიანები არიან და მივხვდები, რომ ეს ძალიან კარგია...
 მეორე სამარშუტო ტაქსიში ასულს, მძღოლი ერთ ცალ კანფეტს მომაწვდის, მე გამეღიმება და ვიფიქრებ, რომ ესეც კარგია... შემდეგ სხვა მგზავრებსთანაც იგივე განმეორდება, ერთთან, მეორესთან მესამესთან და მე ვხვდები, რომ ეს უფრო კარგია... ცნობისმოყვარე მგზავრის შეკითხვას მძღოლი ასეთ პასუხს გასცემს:" ხალხი დილიდანვე დაღვრემილი ამოდიოდა "მარშუტკაში", ხო და ერთხელაც გადავწყვიტე კანფეტები მეყიდა და ყველასთვის დამერიგებინა, მოულოდნელობისგან ხალხს ეღიმება და მეც კარგ ხასიათზე ვდგები. სახლი მე არ მაქვს და კარი, ფულს კანფეტებში მაინც დავხარჯავო." მე სევდიანად მეღიმება, მაგრამ ვხვდები, რომ ასეთი ადამიანების არსებობა ძალიან კარგია...
 ...იყო მასწავლებელი, რომელმაც უფრო მეტი მასწავლა ვიდრე სასკოლო საგანი. რომელმაც 12 წლიანი ცოლქმრობის გამოცდილების შემდეგ მითხრა: მე დღემდე შემიძლია საკუთარ ქმართან ხელჩაკიდებულმა ქუჩაში ვიარო, დღემდე შემიძლია მთელი დღე მასთან ერთად ოთახში ვიყო ჩაკეტილი და გაუჩერებლად ვესაუბროო. და მე მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა...
 მივალ უნივერსიტეტში, რომელში მოხვედრაც ჩემი უდიდესი სურვილი იყო, გამახსენდება აბიტურიენტობა, ამაყად გავივლი დერეფნებში და ვიცი, რომ ყველაფერი კარგადაა...
 საღამო ხანს, როცა საყვარელ ადამიანს ხელს ჩავკიდებ, მის თვალებს და ღიმილს დავინახავ, მაშინაც ვიცი, რომ ყველაფერი კარგადაა... და როცა ერთად გავიცინებთ, მაშინ კი ვხვდები, რომ ეს უკვე კარგზე მეტია...
 როცა რაიმე პრობლემით დაღლილი მეგობარს დავურეკავ და მისი ხმის გაგონებაც კი მეხმარება, ესეც კარგია...
 როცა გგონია, რომ ყველაფერი მთავრდება და მერე ისევ ახლიდან იწყება, ესეც კარგია...
 როცა ძილის წინ მძინარე ძმას შუბლზე აკოცებ და დედას მეორე ოთახში გასძახებ ძილინებისაო, ესეც კარგია...
 როცა ძილის წინ მუზა მოგაწვება და დასაწერად წამოგაგდებს ესეც ხომ ძალიან კარგია...
 როცა იცი, რომ გრძნობ ანუ არსებობ, ეს ხომ ძალიან, ძალიან კარგია...