Thursday, May 9, 2013

დაკარგული შთაგონებები

“If you don't have time to read, you don't have the time to write. Simple as that.” 
― Stephen King

 ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა შთაგონებები, ისე რომ არც კი გვაფრთხილებენ,  გაურკვეველი დროით გვტოვებენ. ჩვენ კი არ ვიცით, როდის და როგორ დაბრუნდებიან. ან დაბრუნდებიან კი საერთოდ?
 მე შთაგონებას საყვარელ ადამიანებში ვეძებ, იმ ემოციებში, რომლებსაც ისინი ჩემში იწვევენ.
 დიდი ხანია არაფერი, უფრო სწორად ვერაფერი, დამიწერია. თითქოს გარშემო ყველაფერი რიგზე იყო და ხელი არც არაფერს უნდა შეეშალა. ისიც კი გავიგე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მკითხულობენ და რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ის, რასაც ვაკეთებ. ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რომ წერის გაგრძელებას აზრი ჰქონდა, თუმცა მაინც ვერაფერი გავაწყვე.
 დღეს პირველად მოვახერხე საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და წაკითხვა. ამ დღემ ერთი მნიშვნელოვანი რამ დამანახა: შეუძლებელია წერო მაშინ, როცა არ კითხულობ და მივხვდი, რომ ზედმეტად დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. სასწავლო წელმა ეგოისტურად მიმითვისა და სხვა აღარაფრისთვის დამიტოვა დრო. ამიტომაცაა ნანატრი არდადეგების დროს ყველაზე მეტს რომ ვწერ ხოლმე, მაშინ ხომ ყველაზე მეტსაც ვკითხულობ. კითხვისას კი იმდენად ძვირფასი ხდება თითეული წაკითხული ავტორი ჩემთვის, რომ მინდა რაღაცით მივბაძო, ცოტათი მაინც გავხდე იმ დიდი ენერგიის წყარო, რომელსაც მკითხველისთვის ემოციის შექმნა ჰქვია. მეც ვდგები და წერას ვიწყებ, ვიწყებ იმ იმედით, რომ შემიძლია ვიღაცის ცხოვრება თუნდაც ცოტა ხნით შევცვალო. რამდენიმე წუთით მაინც შევიჭრა მის გულში და ვაგრძნობინო, რომ  ის მარტო არ არის.
 ხო და დღეს საკუთარ თავთან და არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანების პოსტებთან დარჩენილმა მეც გულისფანცქალით შემოვიჭყიტე ჩემს დამტვერილ ბლოგზე და სული შევუბერე.
 რაღაც ხომ მაინც გამოვიდა.
 მე კიდევ დავწერ...