Thursday, January 31, 2013

სექსი და ქალაქი

 მე ამ ქვეყანას იმ დროს მოვევლინე აი, შუქი რომ არ იყო და ხალხი პურის რიგებში რომ იდგა. 1993 წლიდან მოყოლებული 2000 წლამდე ჩემი ბავშვობა სიბნელესთან ასოცირდება. 2000 წელს, ახალი ათასწლეულის დაწყება უამრავი მაშხალით აღვნიშნეთ, მაშინ ცოტა ხნით განათდა და მერე ისევ დაბნელდა.
 ჩემი ბავშვობიდან კიდევ ის მახსენდება, ნანატრი შუქი ძლივს რომ მოვიდოდა, ტელევიზორს მივუსხდებოდით და ფილმს ვუყურებდით ხოლმე. ისიც მახსოვს "კოცნაობების" და "უზრდელობების" დროს მშობლები თვალებზე ხელს რომ მაფარებინებდნენ . ერთი-ორჯერ სულმა წამძლია და თითებს შორის გამოვიჭყიტე. მერე კარგა ხანს ვნანობდი ჩემს დანაშაულს.

 ერთ-ერთი ასეთი "უზრდელური" სერიალი რუსთავი 2-მა გაუშვა ეთერში და მას "სექსი დიდ ქალაქში" ერქვა. ამ სერიალის რეკლამებს თან ერთვოდა ჩემი მშობლების ხმა: "თათია, ამას არ უყურო!" და თუ ტელევიზორთან ახლოს იყვნენ, მაშინვე სხვა არხზე გადართავდნენ ხოლმე. ახლა ამ სერიალის სათაურის თარგმანზეც კი მეცინება. ორიგინალში მას "სექსი და ქალაქი" ჰქვია, ანუ სექსთან ერთად აქ ბევრ სხვა რამეზეცაა საუბარი. ქართულში კი რუსულის გამოისობით "სექსი დიდ ქალაქში" დაარქვეს. აქაოდა სადაც სექსია, იქ გარყვნილების გარდა სხვა რამე როგორ იქნებაო.

 19 წლამდე ჩემთვის 2 ტაბუდადებული ფილმი არსებობდა. პირველი, ზემოთაღნიშნული "სექსი და ქალაქი" და მეორე, "ამერიკული ნამცხვარი". არც კი მეგონა, რომ კაცობრიობას ამათზე გარყვნილი რამე ექნებოდა შექმნილი. თუმცა ახლა, როცა ორივე მათგანი ნანახი მაქვს, პირველი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიალია, მეორე კი ჩემი ასევე ერთ-ერთი საყვარელი კომედია.

 არ მოვყვები იმის ჩამოთვლას, რამდენ ნომინაციაში იყო წარდგენილი "სექსი და ქალაქი" და ემისა და ოქროს გლობუსის რომელი ჯილდოები აქვს მოპოვებული, უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ სერიალმა ქალების ცნობიერებაში უდიდესი გარდატეხები მოახდინა. მასში იუმორთან ერთად ბევრ სხვა საინტერესო თემაზეცაა საუბარი. ეს შეიძლება იყოს მეგობრობა, ქორწინება, სხვადასხვა ურთიერთობები ან ნებისმიერი რამ, რაზეც ქალს თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც უფიქრია.
 პირველად მაშინ დავასკვენი, რომ ეს სერიალი "უზრდელური კომედია" არ იყო, როცა მათ აბორტის თემას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. ასეთი ემოციური სერიები შემდგომში არცერთ თემაზე აღარ განმეორებულა.
 ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ ამ ოცდაათ წელს გადაცილებულ ოთხი ქალის ხასიათში ჩატეულია ქალის ყველანაირი თვისება და მაყურებელი მათში თავისი თავის და პრობლემების ამოცნობასაც ახერხებს, რაც კიდევ უფრო აახლოებს ამ ფილმის გმირებთან. თუკი ვინმეს უნდა გაიგოს, თუ რა სურთ ქალებს, ვურჩევდი მელ გიფსონის და ჰელენ ჰანტის ტანდემის ნაცვლად ამ სერიალს უყურონ და იქნებ მიხვდნენ, რომ გარკვეული დოზით ყველა ქალშია კერის კრეატიულობა, მირანდას სიძლიერე, სამანტას თავისუფლება და შარლოტას ემოციურობა. ამ დოზების ამოცნობა კი თქვენთვის მომინდია.