Wednesday, July 18, 2012

მითხარი შენი პროფესია და გეტყვი, ვინ ხარ შენ!



პროფესიის არჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. მართალია, არჩეული პროფესიის შეცვლა ყოველთვის შეგიძლიათ, მაგრამ თუ თავიდანვე პასუხისმგებლობით მოეკიდებით ამ საქმეს, გაცილებით ბევრ დროსაც დაზოგავთ და თქვენც არ მოგიწევთ იმ საქმის (თუნდაც ცოტა დროით კეთება), რომელიც არ გიყვართ. ჩემი უახლოესი ადამიანის მაგალითზე შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ სჯობს თავიდან იფიქროთ ბევრი, ვიდრე შემდგომში მოგიწიოთ ახალ ყაიდაზე გადაწყობა.. :)


 "Choose a job you love, and you will never have to work a day in your life." - Confucius


  მართალი იყო ეს კაცი..:)  თუ იფიქრებთ ისე, რომ სამუშაომ უნდა მოგანიჭოთ სიამოვნება და თქვენს სამსახურს არ შეხედავთ, როგორც ვალდებულებას - ნამდვილად ბედნიერი ადამიანი იქნებით. დღევანდელი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს სტერეოტიპებით: ფიქრობს, რომ სამსახური აუცილებლად რუტინული და მოსაბეზრებელი უნდა იყოს და დაღლასთან უნდა ასოცირდებოდეს. ფიქრობს, რომ არ შეიძლება დესერტი სადილამდე მიირთვა, ფიქრობს რომ სიდედრი აუცილებლად აუტანელი უნდა იყოს, რომ თავისი მომდევნო თაობა ყოველთვის უარესია.. :) მოკლედ, კარგად თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენი ბევრი საქციელი თუ ფიქრი სინამდვილეში ჩვენგან კი არა, სხვა ადამიანების მიერ ჩვენთვის ჩამოყალიბებული დოგმებიდან გამომდინარეობს..


 ჩვენ ხშირად ვამბობთ რაიმეზე:"ასეა და მორჩა" და არ ვუკვირდებით, რატომაა ასე. არ გვახსენდება, რომ კაცობრიობას ისეთი ადამიანები უფრო გამოადგნენ და დაამახსოვრდნენ, ვინც თქვა, რომ უნდა დავიწყებინათ ყველაფერი რაც მანამდე იყო და დაეწყოთ ახლებურად აზროვნება, შეწინააღმდეგებოდნენ არისტოტელეს, დამწვარიყვნენ კოცონზე ოღონდ ეთქვათ, რომ დედამიწა მრგვალია, გადაეტანათ კრიტიკა და დამცირება.



 იყო უმრავლესობაში, არ ნიშნავს იყო მართალი. პირიქით - პროგრესს ახლებურად მოაზროვნე ადამიანები იწვევენ, რომლებსაც კრიტიკის ქარცეცხლში უწევთ გამოვლა. ამ პოსტით მინდა, თუნდაც ერთ ადამიანსაც მაინც დავეხმარო იმაში, რომ მიყვეს თავის გულისთქმას, არ შეეშინდეს, რომ თავისი პროფესიული მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ბევრი დამარცხების გადატანა მოუწევს.

  "Pleasure in the job puts perfection in the work" - Aristotle

 ჩემი მიზანი არაა, დავწერო "5 ნაბიჯი წარმატებისკენ","10 რჩევა, რომელიც უნდ აგაითვალისწინო პროფესიის არჩევისას" ან რაიმე მსგავსი. მე უბრალოდ მინდა, დაფიქრდეთ, თუ გინდათ ექიმი გახდეთ ეს თქვენი სურვილია, თუ უბრალოდ დედ-მამა გყავთ ექიმი და მათი შემყურე სხვა პროფესიაზე არც გიფიქრიათ, მე მინდა გათავისუფლდეთ ყველას აზრისგან და მხოლოდ თქვენ გადაწყვიტოთ, რა უნდა იყოს ის საქმე, რასაც მთელი ცოხვრების განმავლობაში სიამოვნებით გააკეთებთ!




 მე თვითონ ძალიან ბევრი ვარიანტი განვიხილე და ახლა მინდა, რომ ვწერო. დავწერო იმ ყველაფერზე, რაც ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რასაც წაიკითხავენ და დღეს სრულიად სხვა განწყობით განაგრძობენ, რაც მათ სტიმულს მისცემს, რაც აგრძნობინებს, რომ სხვებსაც აქვთ მსგავსი სირთულეები თუ "სიიოლეები" ცხოვრებაში და შეიძლება ვინც წამიკითხავს, არ მოუნდეს საკუთარ ცხოვრებაში გადატრიალების შეტანა, მაგრამ მე ბედნიერი ვიქნები, თუკი თუნდაც ერთი ადამიანის, თუნდაც ერთ დღეს შევცვლი და რაც მთავარია, მკითხველთან ვიქნები გულახდილი და ყველაფერს, რასაც დავწერ, დავწერ გულწრფელად და იმ იმედით რომ ჩემი სტატია თუნდაც ამ ერთ ადამიანს სჭირდება...




No comments:

Post a Comment