Friday, June 8, 2012

DIY ასპირინის სახის ნიღაბი

  გამარჯობა, ჩემო კარგებო! :) ზაფხული მოვიდა და მაკიაჟის ფენებით ვეღარ დავფარავთ სახის კანის ნაკლოვანებებს, ასე რომ დროა ფორების გაწმენდას შევუდგეთ და ზაფხულის ცხელ დღეებში თავი გარუჯული და უნაკლო სახის კანით მოვიწონოთ. 
  ჩემი სიყვარულის შესახებ ნატურალური პროდუქტების მიმართ უკვე იცით, ასე რომ, გადავწყვიტე დღეს ნატურალურ და საკმაოდ იოლად დასამზადებელ სახის ნიღაბზე დამეწერა.

  ასპირინის სახის ნიღაბი


 ასპირინის ნიღაბი ამ ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ გსმენიათ მის შესახებ, ეს პოსტი სწორედ თქვენთვისა.
  თუ თქვენ გაწუხებთ აკნე, ან უბრალოდ ფორების გაწმენდა და გლუვი კანი გინდათ, მაშინ გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ მაინც (დამოკიდებულია თქვენი კანის მდგომარეობაზე) 
   ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ამ ნიღბის წასმამდე სახეს არამხოლოდ ზედაპირულად გაიწმინდავთ, არამედ წყლის ორთქლსაც შეუშვერთ, რაც ფორებს გაგიხსნით და მათი გაწმენდა უფრო იოლი გახდება.

დაგჭირდებათ: თაფლი; ასპირინი; წყალი.
 3-4 აბი ასპირინი მოათავსეთ თეფშზე, დაასხით 1-2 სუფრის კოვზი წყალი, რომ აბები გაიხსნას, მაგრამ ეცადეთ არც ძალიან თხელი მასა არ მიიღოთ. ხელით მიეხმარეთ წყლის და ასპირინის გაზავებას და შემდეგ დაუმატეთ 1 ჩ.კ თაფლი. მიღებული მასა წაისვით სახეზე  წრიული მოძრაობებით( ნიღაბს სქრაბის ეფექტიც აქვს) და გაიჩერეთ 10-15 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.

 თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, არ ინერვიულოთ! :) შეგიძლიათ ნიღაბი შემდეგნაირადაც მოამზადოთ:

დაგჭირდებათ: ასპირინი, ლიმონის წვენი, სოდა და წყალი.
    4-5 აბი ასპირინი გახსენით ლიმონის წვენში, სანამ არ მიიღებთ შესქელებულ მასას. შემდეგ წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთი. ბამბის ბალიში ან ბამბა დაასველეთ წყალში და ამოავლეთ საჭმელ სოდაში, მიღებული მასით გაიწმინდეთ სახის კანი.
   ასპირინი შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ამცირებს გამონაყარს, ლიმონი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც იცავს კანს მზის უარყოფითი გამოსხივებისგან, ხოლო სოდა პროცედურის ბოლოს ანეიტრალებს სალიცილის მჟავის ქიმიურ მოქმედებას.

P.S. იმედი მაქვს, ეს სახის ნიღაბი ბევრ თქვენგან მოუგვარებს აკნეს პრობლემას. კომენტარებში დაწერეთ, რა ეფექტი მოგცათ ამ ნიღაბმა. ასევე თქვენი კითხვები და პრობლემები თავის მოვლასთან დაკავშირებით, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ და მომავალში პოსტებსაც მივუძღვნი.. :)
                         


No comments:

Post a Comment