Tuesday, June 5, 2012

My New Addiction ანუ მცენარეული ზეთების მაგიური თვისებები

  ამ ბოლო დროს ახალი ახალი სილამაზის პროდუქტები დავაფასე.. :) აქამდე სახლში დამზადებულ საშუალებებს ეჭვის თვალით ვუყურებდი და მეგონა, მხოლოდ პროფესიონალებს შეეძლოთ სასწაულმოქმედი საშუალებების შექმნა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სახლში ზეითუნის ზეთი აღმოვაჩინე და გამახსენდა, რომ ადრე ხშირად ვისვამდი თმაზე დაბანის წინ და ძალიან კარგი ეფექტი ჰქონდა. მერე ჩაის ხის ზეთს გადავაწყდი და დამაინტერესა, რისთვის იყო განკუთვნილი, ჩვენი მეგობარი Google მოვიშველიე და ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდი ზეთების სასარგებლო თვისებებზე.
  მოკლედ, გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემ მიერ მოპოვებული და საკუთარ თავზე გამოცდილი ინფორმაცია..

  დავიწყებ ჩემი ყველაზე ახალი აღმოჩენით - ჩაის ხის ზეთით.
ჩაის ხის ზეთი ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება, რადგან მას აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები. ჩათვალეთ, რომ ეს პროდუქტი თქვენთვისაა, თუკი აკნე გაწუხებთ. ჩაის ხის ზეთი ამცირებს როგორც სიწითლეს, ასევე აკნესგან დარჩენილ ნაიარევებს. ის ასევე ხელს უშლის ჰერპესის გავრცელებას, თუ დასაწყის ეტაპზევე მოიხმართ.
  ჩაის ხის ზეთი და სილამაზე - ჩაის ზეთი კანში მალევე შეიწოვება, ასე რომ, არ შეშინდეთ და დაუმატეთ 10 წვეთი თქვენს ლოსიონს წასმის წინ და კანი გაცილებით გლუვი, რბილი და დატენიანებული გახდება. ეპილაციის ან გაპარსვის შემდგომ რამდენიმე წვეთის წასმა შეამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებას. ასევე მასაჟის მოძრაობებით ზეთის შეზელა თმის ჩაბრუნებასაც აგაცილებთ თავიდან.
  თუ მშრალი და დაზიანებული თმა გაქვთ შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც ჩაის ხის ზეთს შეიცავს ან ზეთის რამდენიმე წვეთი ჩაამატოტ შამპუნს, რომელიც უკვე გაქვთ. მისი რეგულარული გამოყენება ატენიანებს თმას და თავის კანს და ბაქტერიებისგან იცავს მათ.
  პირადად მე გადავწყვიტე ჩაის ხის ზეთი ჩემს თმის სპრეიში ჩამემატებინა, რომელიც მცენარეულია და ყოველდღე ვიყენებ. ასევე 1-2 წვეთს ვუმატებ ჩემი სახის კანის დამატენიანებელ კრემსაც.. :) მოკლედ, გირჩევთ, რომ ეს პროდუქტი თქვენს თავის მოვლის საშუალებებსაც შეამატოთ.

      ასევე ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს E ვიტამინის ზეთს

 E ვიტამინის ზეთის წასმა აკნესგან დატოვებულ ნაიარევებზე, გააქრობს მათ. ასევე ის კანს იცავს სხვადასხვა სახის დაზიანებისგან.
  მას აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი კანისთვის. ასევე იცავს მზის გამოსხივებისგან და მზის დამწვრობის დროსაც იხმარება. ამიტომაც შეიცავს მას მზისგან დამცავი კრემების უმეტესობა.
  E ვიტამინის ზეთი მშრალი კანისთვის პირდაპირ მისწრებაა.. :) ის საგრძნობლად ატენიანებს გამომშრალ კანს და ზეთის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს.




        ზეითუნის ზეთი - თქვენთვის ალბათ ყველაზე კარგად ნაცნობი ზეთია, რომელიც მრავალჯერ გამოგიყენებიათ. ეს ზეთი სასარგებლოა კანისთვის, თმისთვის, ფრჩხილებისა და ტუჩებისთვის. ზეითუნის ზეთი ასევე შეიცავს A და E ვიტამინს. ზეითუნის ზეთსაც აქვს დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება თქვენი კანისთვის და ასევე ატენიანებს მას.
        მოხმარების წესები - დაძინებამდე 10-15 წუთით ადრე 1-2 წვეთი ზეითუნის ზეთით გაიკეთეთ მასაჟი სახეზე, კისერზე ან სხეულზე, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება. შემდეგ კი მშვიდად დაიძინეთ.. :) ასევე ძალიან კარგია ძილის წინ მისი შეზელა თმაში და შემდეგ თმის შეფუთვა. დილით ჩვეულებრივ დაიბანეთ თმა და ნახავთ, როგორი საგრძნობი იქნება თქვენი თმის უკეთესი მდგომარეობა..



   სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება ჟოჟობას ზეთს შეიცავს და მივხვდი, რატომ მომწონდა ჩემს კანზე მისი გამოყენება.. :)
   ჟოჟობას ზეთს თავის მოვლის ზეთებში ყველაზე კარგი "სახელი" აქვს..                                                                                                                       მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად, რადგან ის თავისი სტრუქტურით ძალიან ახლოსაა კანის ბუნებრივად გამომუშავებულ ცხიმთან. ეს პროდუქტი ატენიანებს, კვებას და სიცოცხლეს მატებს კანს.
   სულ ეს იყო, ჩემო კარგებო! მომავალში ვეცდები ცალკე პოსტი მივუძღვნა იმ თმის ან კანის ნიღბების რეცეპტებს, რომელთაც სახლშიც დაამზადებთ ამ ზეთების გამოყენებით.. :)

   

No comments:

Post a Comment